თებერვალში აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
უფრო კონკრეტულად, თებერვალში აზერბაიჯანიდან თურქეთის პორტ ჯეიჰანამდე ნედლი ნავთობის ექსპორტის მოცულობა 14,72 მლნ ბარელის ოდენობაზე დადგინდა, მაშინ როცა მიმდინარე წლის იანვრში ეს მაჩვენებელი 17,27 მლნ ბარელზეა განსაზღვრული.
ამასთან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოპერატორი BP-ის თანახმად, მილსადენის ნავთობის მთლიანმა ექსპორტმა მისი დაარსების დღიდან 500 მილიონ ტონას მიაღწია.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საერთო სიგრძე 1768 კილომეტრია, საიდანაც 443 კმ გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კმ საქართველოს, 1076 კმ თურქეთის გავლით. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში დაიწყო და 2005 წლის 18 მაისს ნავთობით შეივსო.