დღეიდან, 1-ლი ივლისიდან, თბილისში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა საბურთალოსა და ისნის რაიონებში, ჯამში 32 ქუჩაზე ამოქმედდება. მერიის ინფორმაციით, 32 ქუჩაზე, ჯამში, 1751 საპარკინგე ადგილი იქნება, აქედან 37 ადგილი შშმ პირთათვის. აღსანიშნავია, რომ ამ 32 ქუჩიდან 31 საბურთალოს რაიონშია, 1-კი ისანში.
თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ კონკრეტულ პირებს, მათ შორის, ზემოთ აღნიშნულ ქუჩებზე ადგილობრივ მცხოვრებლებს, ელექტრომობილებისა და ტაქსის მძღოლებს, შშმ პირებს უფასო პარკირება შეეძლებათ.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დაახლოებით, 2 წელზე მეტია, რაც ამოქმედდა. რაც შეეხება ტარიფებს, 1-დღიანი საათობრივი პარკირების საშვის საფასური 20 ლარს შეადგენს; 1-კვირიანის ფასი – 100 ლარია; 1-თვიანის – 300 ლარი; 6-თვიანის – 500 ლარი; 1-წლიანი საშვის ღირებულება კი 800 ლარია.