გარკვეულ შემთხვევებში, მსუბუქ ავტომობილებსა და ტაქსებში თამბაქოს მოხმარება შესაძლოა, აიკრძალოს. ამის შესახებ საუბარია პარლამენტის დადგენილებაში, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე. ცნობისთვის, დადგენილება რამდენიმე დღის წინ, 14 აპრილს გამოქვეყნდა.
დადგენილებაში ნათქვამია, რომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შეისწავლა და გააანალიზა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზები და დასახა მათი აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებები.
ამასთან, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კომიტეტის მიერ მოპოვებული სტატისტიკური მონაცემების, აგრეთვე გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენის დროს მიღებული ინფორმაციის თანახმად, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება.
მათ შორის, პარლამენტის დადგენილებაში საუბარია, იმაზე, რომ „ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს“.