საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. როგორც ესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოდან დაახლცოებით 350 მლნ კილოვატ საათი ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 155 მილიონი კილოვატ საათით მეტია. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისში საქართველოდან დაახლოებით 195 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს. ესკოც ინფორმაციით ექსპორტი ძირითადად თურქეთსა და სომხეთში განხორციელდა, კერძოდ, თურქეთში დაახლოებით 295 მლნ კილოვატ საათი, ხოლო სომხეთში 55 მილიონი კილოვატ საათი.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოდან ექსპორტზე ჯამში დაახლოებით 612 მლნ კილოვატ საათი ელექტროენერგია გავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 340 მლნ კილოვატ საათს შეადგენდა.