ლონდონის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე, “საქართველოს ბანკის ჯგუფის” მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, „საქართველოს ბანკის ჯგუფმა“ ბიზნესმენ რომან ფიფიას სასამართლო დავა მოუგო. დავაზე საბოლოო ვერდიქტი ინგლისისა და უელსის უმაღლესმა სასამართლომ გამოიტანა.
აღნიშნული დავა რუსთავის აზოტის ქარხანას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, 2011 წელს „რუსთავის აზოტმა“ „საქართველოს ბანკისგან“ 100 მლნ დოლარის სესხი აიღო, თუმცა კომპანიამ, რომელთან დაკავშირებული მხარეც ბიზნესმენი რომან ფიფიაა, ეს ვალდებულება ვერ დაფარა. აქედან გამომდინარე, 2016 წელს “საქართველოს ბანკმა“ დაუფარავი სესხის უზრუნველყოფის სახით ჩადებული ქონება („რუსთავის აზოტის“ უძრავ-მოძრავი ქონება და არამატერიალური აქტივები), აუქციონის გზით გაყიდა. აღნიშნული აქტივები კი EU Investments-მა შეიძინა, რომელიც ამ ეტაპზე სააქციო საზოგადოება “რუსთავის აზოტს” ფლობს.
დავის საგანი სწორედ ეს გახლავთ. ბიზნესმენი რომან ფიფია „საქართველოს ბანკის“ მიერ გაყიდული აქტივებისგან მიღებული ზიანის სანაცვლოდ 286,500 მლნ აშშ დოლარის კომპესაციას ითხოვდა. თუმცა როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება გვიჩვენებს, მისი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და დავაში გამარჯვებული „საქართველოს ბანკის ჯგუფი“ გახდა.