2021 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 45 946 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 23 911 ბიჭი და 22 035 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.2 პროცენტით. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2021 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (14 979 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (263 ბავშვი).
„2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5 პროცენტით გაიზარდა და 59 906 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (17 922 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (874 კაცი).
2021 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9 პრომილე შეადგინა. 2021 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 10 პრომილე შეადგინა,“-აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2021 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -13 960 ერთეულით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა.